საზოგადოება
„ფეისბუქი“ შაშკინს ემუქრება

facebook-logoმოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ. განცხადება ამის შესახებ საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსწავლეების საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ანა კაკალაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან გააკეთა. როგორც ანა კაკალაშვილმა აღნიშნა, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ფორმით ჩატარდება საატესტატო გამოცდები.
„ჩვენ არ ვართ რადიკალი მოსწავლეები და გვინდა, რომ ეს საკითხი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოგვარდეს და გვსურს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიალოგი დაიწყოს იმ ალტერნატიული გზების გამოსანახად, რაც შეიძლება ორივე მხარისთვის ხელსაყრელად დასრულდეს“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა.
მისივე თქმით, „ფეისბუქში“ შექმნილ ჯგუფში უკვე 5000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომლებიც საატესტატო გამოცდების დანიშვნას ასევე აპროტესტებენ.
საატესტატო გამოცდებს თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებიც აპროტესტებენ და მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია უკვე გამართეს.