საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი.
1. დამეწყრილი ზონიდან გუშინ ამოყვანილი უკრაინის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც გუშინვე სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრენით გადმოიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
2. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილია 3 სატვირთო ავტომობილი.
3. ასევე, არსებული ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მოყოლილია რამდენიმე პირი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და ზუსტი რაოდენობა დგინდება.4. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 პიროვნება.
5. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები დაკარგული პირების მოსაძებნად, რასაც ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა. წყლის დონის დაკლებისთანავე შესაძლებელი გახდება სამძებრო სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელება.
6. პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.
7. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდის და სამძებრო სამუშაოები.
8. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 20-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლის მუშაობას კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.
9. ექსპერტების მიერ განხორციელდა დევდორაკის მყინვარის და ხევის გამოკვლევა, რის შემდეგაც, დამეწყვრის საფრთხის მონიტორინგის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სათვალთვალო პოსტები.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ. რომ დარიალის ხეობაში სტიქიური შემთხვევის ადგილას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. პრემიერმა ადგილზე ჩაატარა საგანგებო შტაბის სხდომა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა შესაბამის უწყებას დავალებები მისცა. საგანგებო საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნა.