თეა თუთბერიძე: ''დიმიტრი შაშკინის ქმედება კრიმინალია''
საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს, რომლებიც საატესტატო გამოცდების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ, სკოლის დირექციები ახსნა-განმარტებითი ბარათების დაწერას სთხოვენ. როგორც საქინფორმს დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ თეა თუთბერიძემ განუცხადა, მას დაურეკეს მოსწავლეების მშობლებმა და სთხოვეს დახმარება.
თუთბერიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დიმიტრი შაშკინს არ აქვს უფლება, თავისი სურვილისამებრ მოექცეს დირექტორებს და მოსწავლეებს.
თუთბერიძის თქმით, შაშკინი ცდილობს, რომ განათლების სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანი მთლიანად დაიმორჩილოს და თავის მონად აქციოს. იგი იმასაც ამბობს, რომ 130-ე, 157-ე, 124-ე და 161-ე სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორებად უკვე დანიშნა მანდატურები; უახლოეს მომავალში კი 186-ე, 117-ე, 87-ე, 164-ე, 34-ე, 180-ე და 152-ე სკოლებსაც მანდატურები მოევლინებიან დირექტორებად.
,,დიმიტრი შაშკინი რასაც აკეთებს, ეს არის კრიმინალი და დანაშაული. ამიტომ ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,’’ - აცხადებს თუთბერიძე. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ბავშვთა უფლებებს იცავს, სახალხო დამცველის ოფისია, თუმცა სახალხო დამცველის ოფისი ამ დრომდე რეაგირებას არ ახდენს ამ ფაქტზე. შეგახსებენთ, რომ საატესტატო გამოცდების დაწესებასთან დაკავშირებით რიგი საჯარო სკოლების მე-12 კლასელებმა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. მოსწავლეების მორიგი აქციები მომავალი პარასკევისთვისაა დაგეგმილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საატესტატო გამოცდები 8 საგანში ჩატარდება, მათ შორის - ქიმიასა და ფიზიკაში.