საზოგადოება
ნიკა გვარამია: „ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა“

gvaramia-sazog-3საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან ნინო შუბლაძის წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იყო, ამ მოვლენებით ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე, აგვისტოს ნაცვლად, ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა. - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისი თქმით, "შარშან, ამ დროს შევთანხმდით, რომ ნინო აგვისტოდან მიდიოდა არხიდან. მისი გადაწყვეტილება იყო - ცოტა ხანი მედიაში მუშაობაში პაუზა უნდა აეღო. დანამდვილებით ვიტყვი, ეს პირადი საკითხებით არის განპირობებული. მან გადაწყვიტა, რომ ეს ახლა გაეკეთებინა. შევეცადეთ, "კურიერის" გუნდთან ერთად, გადაგვერწმუნებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. ნინო არხისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ნინოს წასვლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იმდენად შეიძლება უკავშირდებოდეს, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს მძიმე. ნინოს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მოვიპოვეთ, არც ჩემთვის და არც მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ფაქტორი თავისთავად ეს იყო. ემოციური ფონი ამან დაამძიმა და აგვისტომდე სამი თვით ადრე წავიდა ტელეკომპანიიდან".

გვარამიას თქმით, ნინო შუბლაძე ორ თანამდებობას იკავებდა ტელეკომპანიაში – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის.

მისივე განმარტებით, ნინო შუბლაძის კომპეტენცია გაიყო და პირველი მოადგილე იქნება ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი - გიორგი ლაფერაშვილი.

რაც შეეხება გადაცემა "პოზიციას", რომლის წამყვანიც ნინო შუბლაძე იყო, გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში დღეს იმსჯელებენ, ვინ წაიყვანს ან რა ფორმატით გაგრძელდება აღნიშნული თოქშოუ.