პუბლიკაციები
NDI: ირაკლი ალასანია - 67%, ირაკლი ღარიბაშვილი - 64%

NDI-2-saz-2საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მიმდინარე წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი მოწონების რეიტინგი აქვს - 67%, ნაცვლად 72%-ისა 2013 წლის ნოემბერში; შემდეგ მოდის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 64%-ით, ნაცვლად 71%-ისა 2013 წლის ნოემბერში, და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 61%-ით, ნაცვლად 65%–ისა 2013 წლის ნოემბერში.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი 2013 წლის ნოემბერში არსებული 72%-დან აპრილში 46%-მდეა დაკლებული.

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ 23 პროცენტული პუნქტით შემცირდა და აპრილში 51% შეადგინა; ხოლო იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებსაც ის არ მოსწონთ, ნოემბერში არსებული 11%–დან აპრილში 24%–მდე გაიზარდა.

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ფიგურად რჩება, რომლის მოწონების რეიტინგმა აპრილში 51% შეადგინა.

თბილისის მერის არჩევასთან დაკავშირებით, პოტენციურ ამომრჩეველთა 39%–მა განაცხადა, რომ ისინი მერად “ქართული ოცნების” კანდიდატს, დავით ნარმანიას აირჩევენ; შემდეგ მოდის “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ნიკა მელია ხმების 10%-ით და ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე 9%–ით.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისას, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 3942 შემთხვევით შერჩეული მოქალაქე.