საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი სწორედ იმ ძალადობის, უკანონო თვალთვალისა და ადამიანების შანტაჟის დასრულება იყო, რაშიც ქვეყანა წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა, დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება. ამაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მონაწილეობა მათთან ერთად ამ ტელევიზიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას.
ერთი მხრივ, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა; მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების შეტანას;მათი ეს აგონიური მდგომარეობა გასაგებია - 15 ივნისს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შსს-დან გატანილი და დაკარგულია დიდი რაოდენობით აღურიცხავი პორტატული მოსასმენი ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე.
ჩვენი შეფასებით, ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომელიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების წინ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე.
დარწმუნებულები ვართ, გამოძიება დაინტერესდება ჩანაწერების ავთენტურობით, დაადგენს, ვის ხელშია მოსასმენი აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
მომზადებულია სპეციალური კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს.