სამართალი
ნიკა გვარამია: „მოგვაწოდეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ მიდის ჩემი და ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა“

1Rustavi-2საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. დღეს, 11 საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2" შენობაში სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებსა და ჟურნალისტებთან ერთად საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც პრესკონფერენციაზე გვარამიამ განაცხადა, მისი და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული საქმიანი და პირადი ხასიათის აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული.

"მიუხედავად არაერთი დაპირებს, რომ პირველ რიგში ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური ცვლილებები, ჩვენ შემთხვევაში ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - წამყვანი ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტის აუდიო და ვიზუალურ თვალთვალს. რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მოგვაწოდეს ვიდეომასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ მიდის ჩემი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს ორ ფაილს. ჩემ შემთხვევაში ჩანაწერის ქრონომეტრაჟი არის 15 წუთი, ნინო შუბლაძეზე - 1 საათი. მედიას მივცემთ ამონაკრებს თითოწუთიანს. დანარჩენზე არის პირადი ხასიათის დეტალები, რომლის გამხელისგან თავს შევიკავებთ", - აღნიშნა გვარამიამ.

“ბუნებრივია, ყველას გაგვიჩნდა კითხვა, ვინ დგას ამ ფარული თვალთვალის და აუდიო-ვიდეო მიყურადების უკან. ჩვენ ველით ამ კითხვაზე პასუხს და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები დროულად დაინტერესდებიან ამ ფაქტით და მოხდება საკმაოდ მოკლე დროში ამ ყველაფრის გამოძიება და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც აქ მდგომ ყველა ჟურნალისტს აქვს და გავარკვევთ, ვინ ახორციელებდა ამ ყველაფერს ტელევიზიაში", - განაცხადა, თავის მხრივ, შუბლაძემ.