სამართალი
ნინო სუთიძე: „ჩემი მეუღლე დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და სცემა. რამე არის გასაკვირი?"

1kodua-samart-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ძებნაში მყოფ სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მიმდინარე წლის 3 მაისს დავით კოდუას ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც იგი ბავშვთან და მის ძიძასთან ერთად იმყოფებოდა, 4 ნიღბიანი პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა.

ერეკლე კოდუას მეუღლემ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველ ფოტოებთან ერთად „ფეისბუქზე“ შემდეგი ინფორმაციაც გაავრცელა: „ყველას შავები ეცვა! შავი ქუდებით! ძიძამ დახმარება როდესაც სცადა, ერთმა უთხრა, ადგილს შეიცვლი და დაგცხრილავო! იარაღისკენ წაიღო ხელი. ეს იყო ერთადერთი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა და ძიძა ამბობს, რომ ამოცნობას შეძლებს!“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა“.

შსს-ს მიერ დაკავებული ნოშრევან ნამორაძე დავით კოდუას ბავშვობის მეგობარი იყო და კოდუას შვილის ძიძა, რომელიც თავდასხმისას მასთან ერთად იმყოფებოდა, მას იცნობდა. აღნიშნული განცხადება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გააკეთა.

დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლის, ნინო სუთიძის განცხადებით, 2008 წელს ერეკლე კოდუას დავალებით მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევან ნამორაძეს 15 გრ ჰეროინი ჩაუდეს. ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი იყო.

"დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი მეუღლის დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი, დაათმობინეს 50-პროცენტიანი წილი, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა "რენჯროვერ სპორტიდან". ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა. საჩივარი შევიტანეთ, როცა მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება. დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და ცემა. რამე არის გასაკვირი?", - განაცხადა ნინო სუთიძემ.