თბილისის მერია უარყოფს ლეიბორისტების ინფორმაციას მეტროში მგზავრობის მოსალოდნელი გაძვირების თაობაზე.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის - სოსო შატბერაშვილის განცხადებით, 2011 წლის 1 იანვრიდან მეტროთი მგზავრობის საფასური ორმაგდება.
ამის შესახებ შატბერაშვილმა დღეს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წყაროს დასახელება არ ისურვა.
„თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება „საახალწლო საჩუქრის“ გაკეთებას გეგმავს და მომავალი წლის 1 იანვრიდან მეტროთი მგზავრობის საფასურს 80 თეთრამდე გაზრდის“,- განაცხადა შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მგზავრობის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით საქინფორმმა რამდენიმე დღის წინათ აუწყა საზოგადოებას. ასევე დაიწერა ისიც, რომ მერიის გაუქმებული ყვითელი ავტობუსები თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, მწვანედ შეღებეს და ჯარისკაცების გადასაყვანად გამოიყენებენ.
საქინფორმმა ეს ინფორმაციები მერიაში გადაამოწმა, სადაც ისინი უარყვეს.