უცხოეთი
მედია: გერმანია მხარს არ დაუჭერს აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში

1germania-ucx-2საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. გფრ არ აპირებს მხარი დაუჭიროს აშშ-ის ინიციატივას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე იმ პოზიციის გამო, რომელიც აღნიშნულ საკითხში გერმანელ მეწარმეებს ეკავათ. ამის შესახებ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

გამოცემის წყაროთა ცნობით, „ბოლო კვირებში გერმანიის უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის, ქიმიური გიგანტი BASF, ელექტროტექნიკური კონცერნი Siemens, Volkswagen, Adidas და Deutsche Bank საჯარო განცხადებებში აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრების წინააღმდეგი არიან.

„უკრაინაში კრიზისის გაღრმავებასთან ერთად გერმანიის ოფიციალურ პირებთან კორპორაციების ხელმძღვანელთა სატელეფონო ზარები გახშირდა. ისინი მოითხოვდნენ, არ გადადგმულიყო ნაბიჯები, რომლებიც რუსეთშ მათ ეკონომიკურ ინტერესებს დააზარალებდა“, - იუწყება The Wall Street Journal.

გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელი აპირებს, საქმიანი სფეროს წარმომადგენელთა ეს პოზიცია თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ყურამდე მიიტანოს. ვაშინგტონი თავის მოკავშირეებთან მოლაპარაკებისას ირწმუნება, რომ აუცილებელია რუსეთის ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების მიმართ სანქციების გატარება უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში.

„გერმანია ერთადერთი ქვეყანა არ არის ევროპაში, რომელიც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებას ეწინააღმდეგება, - აცხადებს გამოცემა, - იტალიაც და საბერძნეთიც ასევე ეწინააღმდეგებიან უფრო აგრესიულ პასუხს იმის გამო, რომ ამან შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მათ ეკონომიკაზე“.

გაზეთი აღნიშნავს, რომ  ვაშინგტონის ზოგიერთი უახლოესი სამხედრო მოკავშირე, მათ შორის, იაპონია, ეგვიპტე და ისრაელი ასევე აფრთხილებენ ობამას ადმინისტრაციას, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებსაც სამუდამოდ შეუძლია გაწყვიტოს კავშირი რუსეთის ხელმძღვანელობასა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.