სამართალი
კახა კალაძე: „უხერხულია რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასობრივია და უკანონო“

1kaladze_kaxaსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. მინდა გამოვეხმაურო მოსმენების შესახებ ბატონი პრემიერის განცხადებას. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლები ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიოჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასიური და მასშტაბური სახე ჰქონდა, უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასიურია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს - რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“, სად იყო ანალოგიური აქტივობა?!

ჩვენი გუნდი - ჩემი მეგობრები, “ქართული ოცნება”, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგაც. ჩვენმა ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, გაანადგურა მთელი ის სამარცხვინო მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლების მიერ იქნა დაგროვილი მოსმენების და თვალთვალის საშუალებით და ამით საზოგადოებას ვანახეთ ჩვენი პოზიცია, ნება და დამოკიდებულება ამ არადემოკრატიული და ადამიანის თავისუფლების შეურაცხმყოფელი მოქმედებების მიმართ.

ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში არსებობს კანონი მოსმენების შესახებ. ჩვენი ინიცირებული კანონი არის ისეთი სახის, რომელიც არ აყენებს ჩრდილს ადამიანის, ხელისუფლების და სახელმწიფოს ღირსებას. ეს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამო ჩატარებულ კანონით განსაზღვრულ ქმედებებს და ამ ზღვარს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო არასდროს გადავა!