სამართალი
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 11 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოში შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესწავლა.
სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლები ჩართული იყვნენ ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის ფართო საზოგადოებრივ განხილვაში, ამავე დროს მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, ორგანიზებული იყო მოსაზრებების გაცვლა და კანონპროექტთა პაკეტის დეტალური დისკუსიები.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გაწეული მუშაობის შედეგად შემუშავებული იქნა შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც ა.წ. 23 აპრილს მიწოდებული იქნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტისათვის. ამ ეტაპზე კომიტეტთან შეთანხმებულია პრინციპული საკითხების უდიდესი ნაწილი.