საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში "ერთიანი და თავისუფალი ევროპა" მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ალასანია საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთ პანელში "ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა" გამოვიდა სიტყვით:
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ატლანტიკურ საბჭოს კონფერენციის ორგანიზებისთვის. ფორუმის ჩატარება ნამდვილად დროული იყო. კონფერენციის მონაწილეები ამ დარბაზში მნიშვნელოვან საკითხებზე ვმსჯელობთ. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველო იოლად არაფერს არ აღწევს. ჩვენ გვაქვს რუსეთის ინტერვენციის გამოცდილებაც 2008 წელს და სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა დიდ ნდობას უცხადებს ნატოსა და ევროკავშირს. მოსახლეობის 80 პროცენტი ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს, ხოლო 85 პროცენტი - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და საქართველომ დაინახოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამყვანი როლი ითამაშოს. ჩემი აზრით, ასეც არის, რადგან აშშ ზესახელმწიფოა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯი ადექვატური რეაგირება იყოს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვსაუბრობთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ, მაგრამ რეალურად არ ვიცით როგორ დასრულდება დისკუსია.
ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაზე 2008 წლის შემდეგ. მე დავავალე ომის გამოძიება, რათა გვქონდეს სრული სურათი თუ რა შეცდომები დავუშვით სამხედრო კუთხით და ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები შესაფერის პარტნიორობას უწევენ ნატოს კოალიციურ ჯარებს ავღანეთში. ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ. საქართველოს უფრო მეტი წვლილი შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში, ვიდრე ნატოს სხვა ქვეყნებს, სადაც ჩვენი და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან. საქართველომ სურვილი გამოთქვა ჩაერთოს ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობის მაქსიმუმს და ველით, რომ ნატოს მხრიდანაც შესაბამისი პასუხი უნდა მივიღოთ სექტემბრის სამიტზე. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამ პასუხს სტრატეგიული გავლენა ექნება.
რაც შეეხება სანქციებს - სამ თუ ექვს თვეში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და რუსეთთან ურთიერთობაც განახლდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება - ეს არის ნატოს გაფართოება. მორიგი გაფართოება, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ასპირანტ ქვეყნებსაც შეეხება. ვისაუბრეთ შემაკავებელი ფაქტორის მნიშვნელობაზეც. ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება დამატებითი სამხედრო აქტივების განთავსება ნატოს წევრ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ პარტნიორებიც.
ჩემი აზრით, კავკასიასა და საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ სწავლებები ხშირად უნდა ჩატარდეს. ბევრი ტრენინგი უნდა გაიმართოს რეგიონალურ კონტექსტშიც. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი უსაფრთხოების სტრატეგია და გავაძლიეროთ თანამშრომლობა, თუ როგორ უნდა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა - ნავთობსადენები, გაზსადენები, რომლებიც საქართველოზე გადის. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირს ალტერნატიული ენერგო რესურსები ჰქონდეს.
რაც შეეხება უკრაინას. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროა უკრაინას ჰყავდეს ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი. სწორედ ეს არის რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი სამიზნე, რომ ქვეყანაში კანონიერი არჩევნები არ ჩატარდეს. მეორე, უკრაინამ უნდა შეიმუშაოს კორუფციასთან და ინფილტრაციასთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგია. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა აქტიურად უნდა იმუშაონ, რომ მთავრობაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოხვდნენ. ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც უკრაინის წინაშე დგას. ძალიან მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები მზად არიან ამერიკასთან ერთად ეკონომიკური პაკეტი შესთავაზონ უკრაინას. დასკვნის სახით მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს. ასევე, საჭიროა კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს განვიხილავთ. ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან ერთად უნდა მოხდეს სამხედრო შემაკავებელი საშუალებების განთავსება რუსეთის საზღვრებთან და დავეხმაროთ უკრაინას მთავარი მიზნის მიღწევაში. მე ძალიან დადებითად ვაფასებ ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევას, რომლებიც ერთად მუშაობენ სანქციებზე და სხვა თავდაცვითი ზომების გატარებაზე. ჩემი აზრით, კრიზისი ჰქმნის შესაძლებლობას - შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რატომ შეიქმნა ნატო, რომ მისი მნიშვნელობა და რელევანტურობა გამართლებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ნატოს გაფართოება, რადგან ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც რეალურად შეუძლია დააჩქაროს თავისუფლების, დემოკრატიის და უსაფრთხოების გავრცელების პროცესი“.