უცხოეთი
მაკფოლმა დაიჩივლა, რომ ის პუტინს არ უყვარდა

1makfolსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. იუმორისტულ თოქშოუ „The Colbert Report”-ში გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა აღიარა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იგი თავის „პირად მტრად“ მიაჩნდა. მან ასევე განმარტა „გადატვირთვის“ პოლიტიკის მარცხის მიზეზები. მაკფოლის თქმით, ტერმინი „გადატვირთვა“ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში პირველად ბარაქ ობამამ გამოიყენა 2009 წელს, როცა რფ-ის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, მაგრამ ამ პოსტზე პუტინის დაბრუნების შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კურსი შეიცვალა. ყოფილი ელჩის თქმით, პუტინს მიაჩნდა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რფ-ში ოპოზიციის მზადებით დაკავდნენ. მაკფოლმა, ამასთან, აღიარა, რომ ოპოზიციის ბევრ ლიდერს შეხვდა.

„პუტინს არ ვუყვარდი. ეს პირში მითხრა კიდეც ერთი-ორჯერ“, - განუცხადა მაკფოლმა პროგრამის წამყვან სტივენ კოლბერს. ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ყოფნისას მას უთვალთვალებდნენ. თუმცა, ამასთან, კატეგორიულად უარყო წამყვანის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ის გადაიბირეს.

„ჩემს გადაბირებას რომ ცდილიყვნენ, ვისურვებდი, უკეთესად მომპყრობოდნენ“, - განაცხადა მან.