საზოგადოება
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მთავრობას იუსტიციის სახლების დაზიანების ფაქტების მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს

1adamiani-kanoni-tavisuflebaსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მთავრობას იუსტიციის სახლების დაზიანების ფაქტების მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს და შენობების სავალდებულო ექსპერტიზის შემოღებას ითხოვს.

მიმდინარე წლის 18 აპრილს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის იუსტიციის სახლის დაზიანების შესახებ. შენობაზე მინა დაზიანდა და მუყაო გააკრეს. საზოგადოებას კარგად ახსოვს თბილისის გაჩერებული იუსტიციის სახლი, რომელმაც 5-თვიანი პაუზის შემდეგ, 2014 წლის 7 აპრილს განაახლა მოქალაქეების მიღება.

საზოგადოებას ასევე ახსოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ახლად გადახურული საცხოვრებელი სახლების, ბათუმის ახალი ბულვარის, ქუთაისის პარლამენტის დაზიანება და მრავალი სხვა შემთხვევა, რომლებმაც არაერთხელ შეუქმნა საფრთხე მოქალაქეთა სიცოცხლეს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მომხდარი ფაქტები მოკვლევის დაწყების საკმარის საფუძველს იძლევა. იქ, სადაც ადამიანები მუშაობენ ან ცხოვრობენ, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები. რეალობა, სამწუხაროდ, გვიჩვენებს, რომ ნაგებობების მონტაჟის დროს დაშვებულია შეცდომები და მშენებლობის დაწყებამდე პროექტებში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი სეისმოლოგიური და კლიმატური თავისებურებები, რამაც შესაძლოა ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე შეიწიროს“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე.