შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა რუსეთის ღირსების აღდგენა აღნიშნა
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. შოტლანდიის რეგიონული მთავრობის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა აღიარა, რომ მას აღაფრთოვანებს ვლადიმერ პუტინის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი. ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შესახებ შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში. და აღნიშნა რომ მოსკოვის რიგ ქმედებებს ის არ იწონებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი გაცილებით ეფექტიან პოლიტიკოსად მიაჩნია, ვიდრე მას დასავლური პრესა წარმოაჩენს.
„მან მნიშვნელოვანწილად აღადგინა რუსეთის ღირსება და ეს ძალიან კარგია“, -განაცხადა ალექს სალმონდმა ვლადიმერ პუტინზე და დასძინა, რომ მიუხედავად გარკვეული ასპექტებისა, რითაც რუსეთში რთულია აღფრთოვანდე, „რუსები არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი ხალხია“.
ინტერვიუში სალმონდმა ასევე მოიწონა გფრ-ის მთავრობის ხელმძღვანელის ანგელა მერკელის საქმიანობა და კანცლერს „საკმაოდ ეფექტიანი“ უწოდა. იგი ასევე აღფრთოვანდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამას კამპანიებით, თუმცა მთლიანობაში ამერიკის ლიდერის საქმიანობა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა სკეპტიკურად შეაფასა.