საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. თაღლითური გზით ჯეკპოტის თანხის მიღების მცდელობა თუ ლატარიის კომპანიის ჩანაფიქრი, რომ მოგებული ბილეთის პატრონს თანხა არ გადაუხადოს - ამას ახლა სასამართლო არკვევს. გამოძიება ორ პირს ადანაშაულებს იმ მონაცემების გაყალბებაში, რითაც მომგებიანი ბილეთის შექმნა მოხდა. ისინი კი ბრალს არ აღიარებენ და ლატარიის კომპანიას გამოძიების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ. სოფო ყარალაშვილი კომპანიისგან მოგებულ თანხას ითხოვს და არ გამორიცხავს, რომ სასამართლოსაც მიმართოს (იხ. ვიდეო).
წარდგენილ ბრალს არც მეორე ბრალდებული დავით იაშვილი აღიარებს, რომლის ადვოკატიც ამბობს, რომ იაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოძიებას არ აქვს. იგი ასევე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იაშვილი და ჟურნალისტი სოფო ყარალაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მისი განცხადებითვე, „ძალიან საეჭვოა თვითონ ამ კომპანიის დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ“.
„არსებობს ასეთი მოარული ხმები, რომ ეს კომპანია ეკუთვნოდა ივანე მერაბიშვილს. ახლა ისინი თუ ცდილობენ, რომ კომპანია ან გაკოტრებულად გამოაცხადონ, ან კიდევ რაიმე სხვა მაქინაციებს მიმართონ, ეს ნამდვილად არ არის დათო იაშვილის პრობლემა. ამ კომპანიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაკითხულია და მის ჩვენებაში ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკითხება“, - აცხადებს იაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.