აქტუალური
ირმა ჭკადუა: „ლატარიის კომპანიას სურს, მოგებულ სოფიო ყარალაშვილს არ მისცეს მოგებული ჯეკპოტი“

wkaduaსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. კიბერდანაშაულის ჩადენის და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული დავით ი.-ს ადვოკატი, ირმა ჭკადუა საქართველოს ლატარიის კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებს.

როგორც ირმა ჭკადუამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რაც ხდება ლატარიის კომპანიაში, კომპანიის პრობლემაა და ლატარიის კომპანიის მესვეურებმა კეთილი უნდა ინებონ და პასუხი უნდა აგონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.

"ლატარიის კომპანია არის, ვფიქრობ, ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელმაც საქართველოში ფეხი მოიკიდა. დღეს კი მათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თაღლითობის სურვილიდან გამომდინარე, სურთ, მოგებულ სოფიო ყარალაშვილს არ მისცენ მოგებული ჯეკპოტი", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი ითხოვს, რომ ლატარიის კომპანია ნუ შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში. "ნუ მოუნდებათ ხალხის ხარჯზე გამდიდრება. ძალიან ბევრი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ამ ლატარიას და მოგებული თანხები მათ უნდა გასცენ ამ თაღლითური სქემების გარეშე. როდესაც მოგებულს ედავებიან, თითქოს ეს არის გაყალბებული ბილეთი, როდესაც მოგებული უთითებს, სად და როდის შეიძინა აღნიშნული ბილეთი, ასევე დაკითხულია ის ადამიანი, ვისთანაც შეიძინა ბილეთი, ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართულად მოფიქრებული სქემა, ალბათ იმისთვის, რომ მათ თანხა არ გასცენ", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ლატარიის კომპანიის გათამაშებაში გამარჯვებულ სოფიო ყარალაშვილსა და დავით ი.-ს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ადვოკატის განცხადებით, დავით ი. თავდაპირველად სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, რის შემდგომაც პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დავით ი. დააკავეს.

ირმა ჭკადუას თქმით, დავით ი. თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, 2014 წლის 19 აპრილს, კიბერდანაშაულის ჩადენისა და დიდი ოდენობით, ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე დავით ი.-სთვის ცნობილი გახდა "საქართველოს ლატარიის კომპანიის" პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები. დავით ი.-მ შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ჯეკპოტის ციფრები. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დავით ი. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა მოქალაქე სოფიო ყ.-სთან წინასწარი შეთანხმებით. 2014 წლის 20 აპრილს დავით ი-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტი), სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტი) და სსკ-ის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ " ქვეპუნქტით (კიბერდანაშაული, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის ფაქტი)", - აცხადებენ შსს-ში.