რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხვედრა მალე აუცილებლად შედგება და ეს რუსული დიპლომატიის მორიგი გამარჯვება იქნება!”

naemnik-mtსაქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. მისი პროგნოზები ჩვეული სიზუსტით განაგრძობს ახდენას - მოვლენები საქართველოში და საზღვარგარეთ სწორედ იმ სცენარებით ვითარდება, რომლებიც თვეების, ზოგჯერ კი ერთი წლის წინათ იქნა წარმოდგენილი. “ასავალ-დასავალ ესაუბრება საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

- უკრაინით დავიწყოთ - იქ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც არაერთხელ წერდით . რა ელის მას მომავალში?

- უკრაინაში იგივე მოხდა, რაც საქართველოში, ანუ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაზე ამერიკამ იმდენივე დახარჯა, რამდენიც სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის - 5 მილიარდი დოლარი! შედეგიც სახეზეა - ორივე შემთხვევაში საჩუქარი რუსეთმა მიიღო... ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც დასავლეთმა საკუთარი უგუნური ქმედებით ჩართო მექანიზმი, რომლის გაჩერება შეუძლებელია. გმირი ქალაქი სევასტოპოლის კვალდაკვალ „მშობლიურ ნავსაყუდელს“ დაუბრუნდება მარჩენალი დონბასი, შემდეგ კი - გმირი ქალაქი ოდესა და გმირი ქალაქი კიევი, სადაც მომავალ წელს დიდი გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სალუტები იგრუხუნებს.

- ნაცმოძრაობა და მისი გაქცეული ლიდერი სააკაშვილი ყოველდღე ისტერიკებს მართავენ, რომ უკრაინის შემდეგ პუტინს რიგში საქართველო ჰყავს...

- ფუნთუშების დამრიგებელი ნულანდისა და „მის მომხიბვლელობა - 2014“-ის, ეშტონის ხელით წინდაუხედავად დაწყებული პროცესი, რაღა თქმა უნდა, უკრაინის ფარგლებს გასცდება - ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ტერიტორიების დაკარგვის დიდ სპეციალისტს მიშა სააკაშვილს, რომელიც გუშინ ბაქოში ჩავიდა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ცვლილებები შეეხება, აზერბაიჯანი იყოს, რამდენადაც კავკასია აშშ-ს უკრაინაზე არანაკლებ აღელვებს. არა, ბაქოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, როგორც კიევში, სააკაშვილი ვერ შეძლებს, ყველაზე მეტი, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის პროვოცირება მოახდინოს, მაგრამ საბოლოოდ ისევ რუსეთი მოიგებს, რომელიც აზერბაიჯანთან და ირანთან (სადაც გასულ კვირას მოულოდნელად გაფრინდა პრეზიდენტი ალიევი) კასპიის საკითხზე კონსენსუსს მიაღწევს. უკვე ცნობილია, რომ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენცია აკრძალავს რეგიონში ნებისმიერი სამხედრო ობიექტების განთავსებას, რომლებიც ყაზახეთს, რუსეთს, თურქმენეთს, ირანს ან აზერბაიჯანს არ ეკუთვნის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კასპიის ზღვა ამერიკის არმიისთვის დაიხურა. რაც შეეხება ყარაბაღის პრობლემას, იგი შეიძლება გადაიჭრას იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირში შევა სომხეთის კვალდაკვალ, რომელსაც თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა გასულ ოთხშაბათს პირველად გამოუცხადა თანაგრძნობა და ამით, პრაქტიკულად, აღიარა სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის 24 აპრილს.

- ანუ, თუ თქვენს ცნობილ ინტეგრაციულ ფორმულას „საქართველო + რუსეთი = საქართველო + აფხაზეთი + სამხრეთ ოსეთი“ გადავაკეთებთ, გამოვა „აზერბაიჯანი + რუსეთი = აზერბაიჯანი + ნახჭევანი + ყარაბაღი“? და როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში?

- ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. საქართველოს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ მალე აუცილებლად გაიმართება რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებით დასრულდება. არავითარი გარღვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არ მოხდება, მაგრამ ხელი მოეწერება ბევრ ხელშეკრულებას კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების თუ სავიზო რეჟიმის მორიგი შემსუბუქების კუთხით.

- მაშ, რა იგულისხმეთ რუსული დიპლომატიის გამარჯვებაში?

- არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრაზე პუტინი მარგველაშვილს დაახლოებით იმავეს გაუკეთებს, რაც რასმუსენს გაუკეთა წინისწინა ხუთშაბათს, „პირდაპირი ხაზის“ დროს. არ გაგიკვირდათ, მაინცდამაინც ახლა „უცებ“ რატომ გაახსენდა რუსეთის პრეზიდენტს ძველი ამბავი, როდესაც ნატოს ამჟამინდელმა გენმდივანმა, ჯერ კიდევ დანიის პრემიერ-მინისტრობის დროს, თვითონ ითხოვა მასთან შეხვედრა, ფარულად ჩაიწერა საუბარი და შემდეგ პრესაში გამოაქვეყნა?! დიახ, პუტინმა ეს ყველაფერი იმიტომ გაიხსენა, რომ ორიოდე თვეში, ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, რასმუსენი, რომელიც ყოველდღე სდებს ბრალს რუსეთს უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობაში და ნატოს ჯარებით ემუქრება, სხვა მაღალ თანამდებობაზე აპირებდა გადასვლას. ახლა კი ის, ჩათვალეთ, პენსიონერია. პუტინმა მის პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაუსვა და, ამასთან, გვარიანი სილაც გააწნა დასავლეთს - აი, როგორ იქცევიან თქვენი ყველაზე მაღალი რანგის ხელმძღვანელებიც კი, და ამის შემდეგ როგორღა შეიძლება თქვენი ნდობაო?! უნახავს ვინმეს ამის შემდეგ რასმუსენი ტელევიზიით, მოუსმენია 17 აპრილის შემდეგ მისი მორიგი განცხადებები? არა!

მაგრამ პუტინის გარდა, მარგველაშვილთან მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ ლავროვი და კარასინი - რუსული დიპლომატიური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლები. თქვენ გგონიათ, მათ არ იციან, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი მარგველაშვილი - მეფედ წოდებული უსუსური საჭადრაკო ფიგურაა, ხოლო ყველაზე ძლიერი და ქმედითი ლაზიერია, ანუ პრემიერი ღარიბაშვილი?! მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ღარიბაშვილი კი არა, მარგველაშვილი არჩიეს და ეს შემთხვევითი „ცუდი“ არჩევანი არ ყოფილა.

- ალბათ, არსებობს კონკრეტული მიზანიც...

- სავარაუდოდ, მოხდება შემდეგი: მარგველაშვილი, რომელსაც ივანიშვილთან „გარჩევის“ შემდეგ თავი მართლა პრეზიდენტი ჰგონია, ამაყად გაფრინდება მოსკოვში - აქაოდა, აი, რა ძლიერი პოლიტიკოსი ვარ, შევძელი ის, რაც, 2008 წლიდან დაწყებული, სააკაშვილმა ვერ მოახერხა - პუტინთან შეხვედრა! მაგრამ კრემლში იციან, რომ მარგველაშვილი რუსეთს უყურებს, როგორც გარეულ მხეცს, რომელთანაც, მიუხედავად ამისა, კონტაქტია საჭირო, რათა მისი განზრახვები იცოდე. ამიტომაც მოსკოვში მარგველაშვილს აუცილებლად დაუსვამენ შეკითხვას ფრუნზიკას სიტყვებით „მიმინოდან“ - «Кто зверь? Я зверь?!», რის შემდეგაც ძალიან თავაზიანად კულისებში შეახსენებენ მისი ბიოგრაფიის ზოგიერთ „პიკანტურ“ მომენტს... შედეგად, ჩვენი დანავსული დონდლო აღელდება, გაწითლდება, დაავიწყდება ამერიკული კონსპექტი და ჩვეული ფილოსოფიური რიტორიკით სისულელის ჩმახვას დაიწყებს. მისი მდგომარეობით უმალ ისარგებლებენ გამოცდილი რუსი ჟურნალისტები და საბრალო მარგველაშვილს საბოლოოდ მიიმწყვდევენ კუთხეში, საიდანაც მისი თანმხლები „ფანჯი ბუ“ ვერ გამოათრევს.

მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის - სამშობლოში მას დაახლოებით ისეთივე „თბილი მიღება“ ელოდება, როგორიც ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: დაცინვის და ბრალდებების კორიანტელი “ნაცმოძრაობის” მხრიდან „ოკუპანტ პუტინთან შეხვედრისას გამოჩენილი უხერხემლობის გამო“, აგრეთვე დამოკიდებულების გაციება უმაღლესი ხელმძღვანელობის - აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რადგან პროფესიულად გამოუსადეგარი პროამერიკელი საქართველოს პრეზიდენტისთვის ობსტრუქციის მოწყობით პუტინი აშშ-საც გვარიან სილას გააწნავს, როგორც რასმუსენის შემთხვევაში!

სამაგიეროდ, ამით საგრძნობლად განმტკიცდება შეუბღალავად დარჩენილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პოზიციები თავისი არაკეთილმოსურნეების - პრეზიდენტი მარგველაშვილის და მისი პოლიტიკური პარტნიორების, რესპუბლიკელების და ნაციონალების მიმართ. გარდა ამისა, პრემიერ ღარიბაშვილს პერსპექტივა გაეხსნება, მომავალში რუსეთთან დიალოგი თვისობრივად სხვა დონეზე დაიწყოს, თუ, რა თქმა უნდა, შინაური საქმეების გარდა, საქართველოს მთავრობა ოდესმე მოიპოვებს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა...

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

naemnik-1-1