უცხოეთი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო ნატოსთან კონტაქტებს წყვეტს, - განაცხადა ორგანიზაციის გენმდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ.
აღნიშნული პოზიცია მან იმით განმარტა, რომ ნატო „აშანტაჟებს“ რუსეთსა და მის მოკავშირეებს.
„დღეს ნატო დამაშანტაჟებელ ქმედებებს მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების მთელ ფრონტზე და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ისინი უკიდურესად უკმაყოფილო არიან ბოლო თვეებში რუსეთის ქმედებებით“, - აღნიშნა მან.
გასულ კვირას ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას განზრახული აქვს დამატებითი სამხედრო პერსონალის განთავსება საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისა და წვრთნების ჩატარებისათვის. იგი ასევე გადახედავს თავდაცვის გეგმებს უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ამასთან, ალიანსმა გადაწყვიტა, გააძლიეროს საჰაერო პატრულირება აღმოსავლეთ ევროპაში და მიმართოს ხომალდები ბალტიის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისკენ.