აქტუალური
კახა კალაძე: „დავუმტკიცებთ მთელ საქართველოს, რომ ვართ სამართლიანი ძალა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე“

aqtual-1საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. „ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“ - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ სლოგანით წარდგება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება გუშინდლიდან ოფიციალურად დაიწყო. როგორც შტაბის გახსნაზე შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ განაცხადა, ყველა რესურსი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ეს არჩევნები კოალიციის და საქართველოს მოსახლეობის სრული გამარჯვებით დასრულდეს.

ამ არჩევნებით ჩვენ დავანახვებთ მსოფლიოს, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა. ეს არჩევნები უპრეცედენტოა საქართველოსთვის. აქამდე პირდაპირი არჩევნების გზით, მოსახლეობის მიერ მხოლოდ დედაქალაქის მერი ირჩეოდა 30%-იანი ბარიერით. ამჯერად 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით.

აღსანიშნავია ის, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსით გაიზარდა მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება.  მოსახლეობას მიეცა საშუალება, გააკონტროლოს თავისივე არჩეული მერი თუ გამგებელი, დასვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ აღმოჩნდა, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. ჩვენ ამას შევძლებთ და დავუმტკიცებთ მთელ საქართველოს, რომ ვართ სამართლიანი ძალა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანდიდატები იქნებიან შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული და კანონმორჩილი მმართველები, რომელთა მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მთავარ ამოცანას კი  -  მოქალაქის მსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ შტაბის გახსნაზე.