აქტუალური
დავით ნარმანია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს საჯარო დებატებზე სიტყვით გამოვიდა

aqtual-2საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს საჯარო დებატებზე სიტყვით გამოვიდა. დებატების თემა "ქალაქის განვითარების მწვანე განზომილება" იყო. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოხსენებაში შეშფოთება გამოხატა თბილისის პარკებსა და სკვერებში მწვანე ნარგავების განადგურების და გაუგებარი ნებართვების საფუძველზე დაწყებული მშენებლობების გამო, რაც, მისი თქმით, მხოლოდ კერძო ინტერესებს ემსახურება.

რაც შეეხება საავადმყოფოების ტერიტორიებს, ნარმანიას თქმით,  ისინი უბრალოდ დატაცებულია და სამშენებლო ობიექტებადაა გადაქცეული. მაგალითად მან ყოფილი ფსიქიატრიული და ინფექციური საავადმყოფოების, ასევე ფიზიკის ინსტიტუტის ეზოები მოიყვანა.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარებაზე, რეკრეაციული ზონების გამოყოფა-მოვლაზე, მდინარეების დასუფთავებაზე, ქარსაცავი ზოლების შექმნაზე, სასმელი წყლისა და მდინარეების მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ვრცლად ისაუბრა პრობლემების გადაჭრის გზებზე.