სამართალი
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის ინფორმაციით, რუსების მიერ დაკავებული “TV 3”-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. საერთაშორისო თანამეგობრობაც ინფორმირებულია, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩათვლით", - განაცხადა რატიანმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსნებთ, რომ “TV 3”-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი - სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული. ისინი გუშინ დააკავეს.