უცხოეთი
რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მიხაილ გორბაჩოვის გასამართლებას ითხოვენ

1gorbaCev-zar-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის დუმის დეპუტატები საბჭოთა კავშირის დაშლის გამო მიხილ გორბაჩოვის გასამართლებას ითხოვენ. საგანგებო მოთხოვნა ქვეყნის მთავარ პროკურორ იური ჩაიკას სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატებმა გაუგზავნეს.

მოთხოვნაში ნათქვამია, რომ კანონმდებლები იმ მოვლენების გამოძიებას ითხოვენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლისას ჰქონდა ადგილი.

დოკუმენტის ინიციატორები “ედინაია როსიას” წევრები ევგენი ფიოდოროვი და ანტონ როანოვი, ასევე რფ-ის კომუნისტური პარტიის წევრები ივან ნიკიტჩუკი და ოლეგ დენისენკო არიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეფერენდუმზე საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა სახელმწიფოს შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება უკანონოდ მოიქცა, რასაც სსრკ-ის დაშლა მოჰყვა.

დეპუტატების აზრით, გორბაჩოვი კრიმინალია, რომელიც უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლაც არალეგიტიმური გამოდის და საქართველოს, უკრაინის და სხვა ყოფილი რესპუბლიკების სუვერენიტეტი უნდა გადაიხედოს. ასევე, უნდა მოხდეს ბელოვეჟის ხელშეკრულების დენონსაცია, რომლის საფუძველზეც საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა.

1991 წლის 8 დეკემბერს ბელორუსიაში, ბელოვეჟსკაია პუშჩაში რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერები სამთავრობო რეზიდენციაში საიდუმლოდ შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც მსოფლიო ბელოვეჟის შეთანხმების სახელით იცნობს. ამ დოკუმენტით გაუქმდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. რამდენიმე დღეში კი მიხეილ გორბაჩოვმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.