აქტუალური
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება: “გულწრფელად გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ქალბატონ ბურჯანაძის გუნდთან...”

1svobod-aqtual-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ყველა ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობის შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს მომავალ არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი. საამისოდ ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი: ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი და მხარი დავუჭირეთ ნინო ბურჯანაძეს, ხოლო ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ ბლოკის შექმნა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

სამწუხაროდ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა უარი თქვა გაერთიანებაზე და დამოუკიდებლად დაასახელა საკუთარი კანდიდატი. მიგვაჩნია, რომ განხეთქილება არასაპარლამენტო ოპოზიციაში მხოლოდ ხელისუფლების და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.

გულწრფელად გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ქალბატონ ბურჯანაძის გუნდთან. ჩვენ ოპოზიციის ერთიანობაში ვგულისხმობთ ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნას, ისევე როგორც საარჩევნო ბლოკს წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია 2012 წლის არჩევნებზე ანგაერთიანებული ოპოზიცია“ 2008 წლის არჩევნებზე. ნინო ბურჯანაძემ კი პარტნიორობის სანაცვლოდ მოითხოვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან საკუთარი პარტიების დატოვება და მისი პარტიის ეგიდით არჩევნებში მონაწილეობა. გარდა იმისა, რომ ეთიკურად მიუღებელია ჩვენთვის მსგავსი ტიპის შემოთავაზება, ჩვენ გვაქვს ქალბატონ ბურჯანაძესთან და ქრისტიან-დემოკრტებისგან განსხვავებული პოლიტიკური წარსული და პრინციპულად განსხვავებული ხედვები.

ამიტომაც, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას განვაგრძოთ კონსულტაციები ერთიანი ბლოკის შექმნაზე, მაგრამ ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანებას თეორიულადაც გამოვრიცხავთ.