რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება - ვინ არის სააკაშვილის მთავარი საყრდენი საქართველოში, ანუ რატომ გადაიყვანენ ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრად” - საქინფორმის ორი პროგნოზი, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გამართლდა

1anti-pol-3ორი დღის წინ, ორშაბათს, პუბლიკაციაში “შეშლილის ჩანაწერები, ანუ მიშკა სააკაშვილის ვაი-ბანკი”, მე შევახსენე მკითხველს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში საქინფორმი - ყოველდღიურ ახალ ამბებში, პუბლიკაციებში და თავისი მთავარი რედაქტორის ტელეგამოსვლებში - აფრთხილებდა, რომ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” საქართველოში სისხლიან რევანშს - “ევრომაიდან 2”-ს  ამზადებენ, რაც 2014 წლის 7 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსადრე ჭიკაიძემ დაადასტურა.

ზემოხსენებული პუბლიკაციის ბოლო წინადადებაში მე ასევე ვაფრთხილებდი: “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში სააკაშვილს მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოღალატე დაეხმარება, რომლებიც უკვე მართავენ მასთან საიდუმლო კონსულტაციებს...”

და აი, გუშინ, 2014 წლის 8 აპრილს, ეს, მეორე პროგნოზიც დადასტურდა: საღამოს, სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, პოლიტიკურ თოქშოუში “არჩევანი” გიორგი გაბუნიასთან ერთად, ამ პროსააკაშვილური ძალების სრული ლუსტრაცია, ანუ საჯარო პრეზენტაცია მოხდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც ერთხმად უკრავდნენ კვერს დაკვეთილი ტელეგადაცემის დანარჩენი მონაწილეები - საქართველოს უშიშროების საბჭოს ექსმდივანი გიგა ბოკერია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური, საქართველოს პარლამენტის წევრი და თავმჯდომარის მეუღლე თინა ხიდაშელი და სხვა ცნობილი სახეები - განაცხადა:

 - რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება, მაგრამ არა სააკაშვილის, მისი “ნაცების” და უკრაინიდან მომხდურებისაგან (რის შესახებაც აფრთხილებს შს მინისტრი ჭიკაიძე), არამედ რუსეთისგან - “საქართველოში ბოლო დროს უჩვეულოდ გააქტიურებული “მეხუთე კოლონის” სახით”;

- რომ დღეს ყველა, პარტიული კუთვნილების და შეხედულებების მიუხედავად, “უნდა გაერთიანდეს მთავარ საფრთხესთან - საქართველოს მთავარ მტერთან და ოკუპანტთან - რუსეთთან საბრძოლველად” (სიტყვასიტყვით გაიმეორეს სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს დროინდელი ლოზუნგი);

- რომ საქართველოში “მეხუთე კოლონა” არ გავა და “ყველა, ვინც მას თავისი განცხადებებით აქეზებს (ანუ შს მინისტრი ჭიკაიძე, რომელიც “ნაციონალებმა” ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭად მონათლეს, თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ისინი ჰაკიმ ფაშას ეძახიან, და მთლიანად მთავრობა), რუსეთის აგენტები არიან და თავიანთ მომავალზე უნდა დაფიქრდნენ”.

თოქშოუს დროს 4-ჯერ საგანგებოდ გაესვა ხაზი, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი ალასანიას და თავდაცვის სამინისტროს აქვთ, მათ შსს-ს და მინისტრ ჭიკაიძის რეიტინგს გაუსწრეს, რომელსაც გადაცემის მონაწილეებმა დასცინეს, კომიკოსი უწოდეს და ურჩიეს, “ბანკების ძარცვით დაკავდეს და სხვის საქმეებში ცხვირი არ ჩაყოს”.

ყოველივე ზემოთქმულიდან შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

1. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, რის შესახებაც აბსოლუტურად პატიოსნად და გაბედულად განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიკაიძემ;

2. შეთქმულებაში, სააკაშვილის დივერსიულ-მოიერიშე ბრიგადების გარდა (“ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა”, უკრაინელი ბოევიკები), მონაწილეობს მოქმედი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი;

3. იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მთელ თავის ქონებას ყიდის (“ქართუ ბანკს”, აუზს “ლაგუნა-ვერეს” და ბევრ სხვა ობიექტს), როგორც ჩანს, კვლავ ემიგრაციაში წასვლის მიზნით, მინისტრი ალასანია, პრეზიდენტი მარგველაშვილი და სპიკერი უსუფაშვილი დაეხმარებიან სააკაშვილს ღარიბაშვილის მთავრობის დამხობასა და ძალაუფლების აღებაში, და ამით დასავლეთის აპლოდისმენტების ქვეშ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს უზრუნველყოფენ.

და ბოლოს - ახალი პროგნოზი: დღევანდელი ხელისუფლების ლიდერები - პრემიერი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, შს მინისტრი ჭიკაიძე და თბილისის მომავალი მერი ნარმანია - არ შეიძლება ამ საფრთხეს ვერ ხედავდნენ, ამიტომ უახლოეს ხანებში ისინი ეცდებიან დასწრებაზე ითამაშონ: მინისტრი ალასანია, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროსგან იზოლირებული იქნება (მაგალითად, თავისი ცოლისდის - მაია ფანჯიკიძის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანენ), რათა საგანგებო სიტუაციაში უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანება არ შეასრულოს და ჯარი მთავრობისა და ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყვანოს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 9 აპრილი
საქართველო, თბილისი

1anti-pol-3-1-ax