საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ბრიტანული გაზეთი he Guardian-სთვის დაწერა სტატია უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, სადაც ირწმუნება რომ „უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდასაჭერად რუსეთზე მეტი არავის გაუკეთებია”, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გატარებულ ხაზს „არაკონსტრუქციულს და სახიფათოს“ უწოდებს. ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სერგეი ლავროვს შესთავაზა, ათი დღის განმავლობაში რფ-ის, უკრაინის, აშშ-ისა დ აევროკავშირის მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართოს.
„რუსეთი ცდილობს ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს უკრაინაში ვითარების სწრაფად სტაბილიზაციას”, - ირწმუნება ლავროვი და ამ მიზნის განსახორციელებლად სამ ნაბიჯს სთავაზობს.პირველი: „რეალური საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის ყველა რეგიონის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებას. მიგვაჩნია, რომ ახალმა კონსტიტუციამ უნდა უპასუხოს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების მრავალრიცხოვან მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს“.
მეორე: „უკრაინის კანონმდებლობით განმტკიცებული ბლოკის მიღმა სტატუსის მყარი გარანტიების მიცემა, რაც უზრუნველჰყოფს მისი, როგორც დამაკავშირებელი რგოლის როლს განუყოფელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში“.
მესამე: „სასწრაფო ზომების მიღება უკრაინის ტერიტორიაზე „მემარჯვენე სექტორისა“ და სხვა ულტრანაციონალური დაჯგუფებების უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობის აღსაკვეთად.“
„ჩვენ არავის არაფერს ვაიძულებთ, უბრალოდ, ვხედავთ, რომ თუ ამას არ მოვიმოქმედებთ, უკრაინა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა კრიზისში“, - აცხადებს ლავროვი.