რელიგია
სვეტიცხოველში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინა

1wirva-saz-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

პატრიარქმა უფლის კვართის ადგილი, წმიდა პატრიარქ მელქისედეკ პირველისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საფლავები მოილოცა.

წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ხარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ძველ დროში იყო ებრაული მისალმება – “გიხაროდენ”. ეს სიტყვა გამოიყენა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და მიმართა ღვთიმსშობელს: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა”. მთავარანგელოზმა ახარა ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა უფალი იესო ქრისტე”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მცხეთისა და წმიდა კათალიკოს მელქისედეკ პირველის ანდერძის შესახებ ისაუბრა და მრევლს მისი დაცვისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მცხეთაში მცხოვრებლები არ შეიძლება იყვნენ ურწმუნოები, ჯვარდაუწერელები, მოუნათლავები, არ ლოცულობდნენ დილისა და ძილის წინ ლოცვებს.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ აკურთხა სამი ჯვარი, რომლებსაც აღდგომიდან მესამე კვირას წააბრძანებენ მსვლელობით ჯვარზე, თხოთის მთაზე და უჯარმაზე.