სამართალი
პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

1jgufi-samart-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ადამიანის უფლებების დაცვასათან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა. სამუშაო ჯგუფის კოორდინაციას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.

ჯგუფმა უკვე გამართა პირველი შეხვედრები, სადაც განისაზღვრა სამუშაო ფორმატი და გრაფიკი. ჯგუფის მუშაობის მიზანია - დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით დარეგულირდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეთა ძირეული და საკონსტიტუციო უფლებების დაცვის გათვალისწინებით.

სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე, რის შედეგადაც შემუშავდება კონკრეტული დოკუმენტები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ადამიანის უფლებების დაცვასათან დაკავშირებით.