სამართალი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე სტუდენტებს შეხვდა

students-sam-1საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სამეგრელოში ვიზიტის პარალელურად, ზუგდიდში შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. დღეს იგი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო.

ნინო კობახიძემ პრეზენტაციისას ზუგდიდელ სტუდენტებს თითოეული ინიციატივის არსი დეტალურად განუმარტა.

პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივებმა, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოცალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს, ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია.

პრეზენტაციის დასასრულს ნინო კობახიძემ სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა და მათთვის პრობლემურ საკითხებში დახმარებას დაჰპირდა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტულია და სფეროს განვითარების მიზნით ახალი პროექტების შემუშავებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ არის ჩართული.

სტუდენტებთან შეხვედრამდე სასწავლებლის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს უნივერსიტეტი დაათვალიერებინა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რექტორის ინფორმაციით, უნივერსიტეტში 900-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც არიან.