აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას შეხვდა

akt-3-aboltinaსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. 2014 წლის 10 აპრილს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საინვესტიციო და განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას გამართავს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა მას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ლატვია წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერ ქვეყანას როგორც ევროკავშირში, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და კმაყოფილებით აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება.

მხარეებმა პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.  საუბარი ასევე შეეხო კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობას და ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.