აქტუალური
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონი მიესალმნენ თბილისში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის გახსნას და ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ივნისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის მომავალი ევროატლანტიკური ოჯახის წევრობაა.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს მემორანდუმი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.