რედაქტორისგან
ევროკავშირმა არა მარტო უკრაინის მიღებაზე უარი თქვა, არამედ მზადაც კი არ არის, მას ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა შესთავაზოს. “მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ კარი მუდამ ღიაა!” - აღიარა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ

1-negotov-aqt-3-red-2გუშინ, 2014 წლის 27 მარტს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების მომავალი გეგმებიც კი არ არსებობს, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ “ევროკავშირი ჯერჯერობით მზად არ არის, რომ უკრაინას კავშირის წევრობის პერსპექტივა შესთავაზოს, უკრაინა თვითონ არ არის ამისათვის მზად”.

“რატომ არ შესთავაზა ევროკავშირმა წევრობა უკრაინას? იმიტომ რომ წევრი ქვეყნები ახლა ამ ნაბიჯისთვის მზად არ არიან. მათ მიაჩნიათ, რომ არა მარტო უკრაინა, არამედ ევროკავშირიც არ არის მზად ამ ეტაპზე ისეთი ქვეყანა შემოიერთოს, როგორიც უკრაინაა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შესასვლელად კარი დაკეტილი არ არის, ეს შესაძლებლობა მომავალშიც არსებობს!”, - განაცხადა ბაროზუმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის წევრობის შესათავაზებლად აუცილებელია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანხმობა.

“აუცილებელია ერთსულოვნება წევრ ქვეყნებს შორის, ჩვენ შორს ვართ ამისაგან იმაში, რაც უკრაინას ეხება”, - თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

რა ნაცნობია ეს ყველაფერი ჩვენთვის, ძვირფასო საქინფორმის მკითხველო, საქართველოში რამდენჯერ გვსმენია “ღია კარის” შესახებ! საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერ გვაუწყა, რომ ღია კარის დღე - ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა! ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს - თავაზიანი, მაგრამ პრაგმატული ევროპელების ჩვეულებრივი პრაქტიკაა... 

მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ამისათვის არ სცხელა - ახლა ჩვენთან ახალ ინტრიგებს ხლართავენ და ცხარედ კამათობენ: ვინ მოაწერს ხელს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას - პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი?!

საქინფორმი
2014 წლის 28 მარტი