საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენ რთული და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხოლო რამდენად ლეგიტიმური და ეფექტიანი იქნება ჩვენი რეაგირება, დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე“

1-haagis-sazogad-1საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განმტკიცების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ევროკავშირთან, ნატოსა და ეუთოსთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, თვითკმაყოფილება გაუმართლებელია, ვინაიდან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. „ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვისპირეთის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, აქაც კონტრაბანდის საფრთხე საკმაოდ რეალურია. ეს საკითხი პრობლემატურია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ზოგადად. მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ, რათა სათანადო ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს.