რედაქტორისგან
“ვანო მერაბიშვილი საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს

1-polit-1-red-1a1ბატონო მინისტრო!
ძალიან არ მსიამოვნებს თქვენთვის ამ სიტყვების მოწერა, მაგრამ დღეს ვალდებული ვარ, პატიოსნად განვაცხადო, რომ ზურაბ ადეიშვილი საქართველოს საუკეთესო მთავარი პროკურორი იყო, ხოლო ვანო მერაბიშვილი - საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი. ალბათ, დამეთანხმებით, იმიტომ რომ 2008 წლიდან დაიწყეთ შსს-ს სისტემაში მუშაობა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და ქვეყნის პირველ პოლიციელამდე გაიზარდეთ, რაშიც, ვფიქრობ, ჩემი მცირე წვლილიც დევს. იმიტომ რომ მთელი ის წლები მე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ყოველდღიურად ვებრძოდი მმართველ რეჟიმს - უპრეცედენტოდ მკაცრად ვაკრიტიკებდი პრეზიდენტ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”.

ბატონო მინისტრო!
დღეს მე და თქვენ თითქოს ბარიკადების ერთ მხარეს ვართ, მაგრამ “ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებს”. საქმე ის არის, რომ 2012 წლის 5 მარტს, შუადღისას, პირდაპირ საქინფორმის რედაქციაში, ჩემი თანამშრომლების და ორი საპატრულო პოლიციელის (!) თანდასწრებით, ჩემზე თავდასხმა განხორციელდა მუქარის თანხლებით. ამის შემდეგ მუქარა გარკვეულ ხანს გრძელდებოდა წერილობითი სახით და ტელეფონით, იყო ქუჩის ინციდენტებიც, “იდუმალი” ავტოშემთხვევებიც, სანამ საქართველოში მაშინდელ აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს არ მივმართე. შედეგად ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა, მართალია, არ დასაჯეს დამნაშავეები, რომლებიც მათი თანამოსაგრეები და თანამშრომლები აღმოჩნდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და გარანტიები მომცეს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. და მინდა ვაღიარო, რომ სიტყვა შეასრულეს.

თუმცა ჩემთან და ჩემი ოჯახის წევრებთან ანგარიშსწორების მუქარა ახალი ხელისუფლების დროს განახლდა - იმისათვის, რომ მე და ჩემი ხელმძღვანელობით საქინფორმი უპრეცედენტო მხარდაჭერას ვუწევდით ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი მარგველაშვილს და ქართულ ოცნებას”. მართალია, ჯერ არ მომკლეს, სამაგიეროდ, მრავალჯერ ჩაიდინეს კიბერდანაშაული - თავდასხმები საქინფორმის საიტზე და მისი გატეხა. ამიტომ რამდენჯერმე მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თხოვნით, დაემთავრებინათ ის ძველი საქმე და რაც მთავარია - გამოეძიებინათ ახალი მუქარები. თუმცა ჩემი წერილების ერთადერთი შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ საქმე ასეულობით გვერდზე მტკიცებულებებით გამომძიებლისგან (რომელიც აწარმოებდა მას ადეიშვილის და მერაბიშვილის დროს) გადასცეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის დეტექტივის თანაშემწეს (?!).

მე თქვენც მოგმართეთ, ბატონო მინისტრო, 2014 წლის იანვარში, იმ წერილში მივუთითე ფაქტები, რომლებიც შეიცავდა მუქარას არა მხოლოდ და არა იმდენად პირადად ჩემი უსაფრთხოების ან საქინფორმის შეუფერხებლად მუშაობის მიმართ, არამედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ. თქვენგან ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიმიღია, ხოლო ჩვენი არაკეთილმოსურნეები (მიხეილ სააკაშვილის ექსხელისუფლების მხარდამჭერები), როგორც გაფრთხილებდით, ყოველდღიურად პრობლემებს უქმნიან ახლანდელ ხელისუფლებას და რევანშისთვის ემზადებიან.

ბატონო მინისტრო!

ბოლო დროს მე ისევ მოკვლით მემუქრებიან. არა, როგორც ხედავთ, ჩემი დაშინება და გაჩუმება მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს, ვერც დღეს შეძლებენ (თუ ოდესმე შევხვდებით, აგიხსნით - რატომ). მაგრამ რადგან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს მოქალაქის დაცვაზე უარს ამბობენ, რადგან პოლიცია მთავარი პროკურატურის განკარგულებებს არ ასრულებს, ხოლო მთავარ პროკურატურაში საპროკურორო ზედამხედველობა არ არსებობს, რადგან პარლამენტს და ომბუდსმენს არ აინტერესებთ - რას იფიქრებენ აშშ-სა და ევროპაში ქართველ ჟურნალისტზე და ცნობილი საინფორმაციო სააგენტოს მთავარ რედაქტორზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რადგან შსს კანონს არღვევს და ჩემს განცხადებებზე არ რეაგირებს (დადებითად თუ უარყოფითად - მნიშვნელობა არა აქვს), ამიტომ გამომაქვს დასკვნა, რომ მე, არნო ხიდირბეგიშვილს კი არ მჭირდება თქვენი დაცვა, არამედ თქვენ - სახელმწიფოს, პროკურატურას და შსს-ს - ისევ გესაჭიროებათ ჩემი, არნო ხიდირბეგიშვილის დაცვა! ამიტომ დღეიდან ჩემს თავს საკუთარი შეხედულებისამებრ თვითონ დავიცავ ყველა ეფექტიანი საშუალებით, მაგრამ საჯაროდ და ოფიციალურად გაფრთხილებთ - თუ დაცვის დროს “თავდაცვის გონივრულ ზღვარს” გადავაჭარბებ - ვინმეს დავასახიჩრებ, ან მოვკლავ, გთხოვთ, არანაირი პრეტენზია არ წამომიყენოთ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 26 მარტი