აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა

1-rompui-akt-3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო მიესალმება ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს არა უგვიანეს 2014 წლის ივნისისა. მან ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის ისტორიული მომენტი იქნება, რადგან ის საქართველო-ევროკავშირის ურთერთობაში ახალ რეალობას შექმნის.

საუბარი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არ შეიცვლება.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მაისში თბილისს ეწვევა.

მხარეებმა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებაც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მიზანია, სამოქმედო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის სამიტამდე შეასრულოს, რომელიც რიგაში გაიმართება.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ქართველი სამხედროების ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.