აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს“

1-novruz-akt-1საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ამ ლამაზ დღესასწაულს, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლის და სიყვარულის დღეს. მე ვუერთდები დღეს თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს ამ სიხარულს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთად შრომობდნენ, ერთად ემსახურებოდნენ ჩვენს სამშობლოს - ჩვენს საქართველოს. ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირს და ლხინს. ასე იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასე ვართ ჩვენც და მე მჯერა, რომ ასე იქნება, ასე გაგრძელდება, ჩვენი შვილები გააგრძელებენ ამ ტრადიციას", - მიმართა მოსახლეობას ღარიბაშვილმა.

მან საქართველო–აზერბაიჯანის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"მე მივესალმები, რომ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან, აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ერთნაირად ძვირფასია აზერბაიჯანიც და საქართველოც. დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ქართველებს ერთი ქვეყანა გვაქვს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთიან ძლიერ საქართველოში", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.