იაცენიუკი: ევროკავშირთან ასოციაციის ეკონომიკურ ნაწილს უკრაინა ხელს არ მოაწერს
საქართველო, 20 მარტი,
საქინფორმი. უკრაინამ ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერა გადადო აღმოსავლეთის სამრეწველო ოლქებისთვის ამ დოკუმენტის მოქმედების შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა
არსენი იაცენიუკმა, რომელიც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებისადმი მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, 21 მარტს ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა იგეგმება. „ჯერჯერობით გადავდეთ ამ დოკუმენტის ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერა, რადგან მხედველობაში მივიღეთ საფრთხე და ეჭვები, ხომ არ გამოიღებს თავისუფალი ვაჭრობის ზონა უარყოფით შედეგებს ინდუსტრიული რეგიონებისთვის, ეს კი, პირველ რიგში, აღმოსავლეთია. ამ საკითხზე ჩვენ დამატებით კონსულტაციებს გავმართავთ. ჯერჯერობით კი ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, ერთმხრივად გააღოს თავისი ბაზრები უკრაინული საქონლისთვის, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი საყრდენი იქნება“, - განაცხადა იაცენიუკმა.