საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტ მარგველაშვილზე: „მე არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომელიც მარგველაშვილმა თქვა უმრავლესობის მისამართით, რომ არ აინტერესებდა“

Biz-saz-3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ პოლიტიკის დრო-ში საქართველოს პრეზიდენტთან უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონზე ვეტოს დადების საკითხი დაასახელა.

„მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით იყო პოლემიკა. მე მას ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა შეურაცხყოფა გუნდის, რომელიც მას მხარს უჭერდა. მე არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომელიც მან თქვა უმრავლესობასთან დაკავშირებით, რომ არ აინტერესებდა. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ამას ვერ გაიგებდა ვერც მოსახლეობა, ამაზეც მიპასუხა, რომ არც ეს არ აინტერესებს და როდესაც მე ვკითხე, წაკითხული ჰქონდა თუ არა კანონპროექტი, მან ვერ მიპასუხა. მას არც დაუმალავს, რომ კანონპროექტი მას წაკითხული არ ჰქონდა და, სხვათაშორის, ჩვენ ისე დავშორდით, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და მან მაინც თქვა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებდა. უსუფაშვილი იყო ძალიან შეშფოთებული, როდესაც ნახა, რომ არაფერი არ გამოდიოდა, გაუკეთა მობილიზაცია და მაგის ვეტოს გადასალახად 76 კი არა 80 კაციც კი მოაგროვა. მე მას ვუთხარი, რომ ამ ფაქტით ვერაფერს მიაღწევდა და ისევ თავად დარჩებოდა შეურაცხყოფილი. მერე რა მოხდა და როგორ მოხდა, მე აღარ ვიცი, იყო სხვა გაუგებრობებიც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.