აქტუალური
სტუდენტი გოგონა პრემიერ ღარიბაშვილს: „კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არა აქვს სამედიცინო სფეროში, შეიძლება იყოს კარგი ექიმი?“

1-studსაქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური ცენტრი უცხოეთში დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სწავლას სამშობლოში დაბრუნებისა და სახელმწიფო სამსახურში დასაქმების პირობით დააფინანსებს. დღეს პრემიერ-მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის მის მიერ ინიცირებული რამდენიმე ახალი პროექტი წარადგინა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერთან შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ თავად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის კომპეტენციითაც.

კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არა აქვს სამედიცინო სფეროში, შეიძლება იყოს კარგი ექიმი, როგორ ფიქრობთ? - იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

- ვის გულისხმობთ?

- ჩვეულებრივ, კარგ ფილოსოფოსს, რომელსაც არანაირი განათლება არა აქვს სამედიცინო სფეროში...

- მე არ ვიცი, თქვენ ვის გულისხმობთ, თუ გაქვთ კონკრეტული მაგალითები... კითხვა ვერ გავიგე უბრალოდ.

- ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ როდესაც ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, როდესაც შს მინისტრი არ არის იურისტი, როდესაც გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ, უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება და ვფიქრობ, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება!

- თქვენი მოტივაცია გასაგებია. თქვენი სურვილებიც გასაგებია. კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ, ხომ, სხვადასხვა მინისტრების. ამაზე, რა ვიცი, როგორ გიპასუხოთ ახლა.. მე მგონი, ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და რაიმე კითხვები თუ გაქვთ, მე სიამოვნებით მოგისმენთ“, - მიუგო პრემიერ-მინისტრმა.