პუბლიკაციები
მარინ ლე პენი: ევროპელ ხალხს არ სურს ევროკავშირში უკრაინის ხილვა

1-marin-ucx-1საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. „ევროპელ ხალხს არ სურს ევროკავშირში უკრაინის ხილვა“, - ამის შესახებ საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ევროკავშირმა გაამწვავა სიტუაცია იმით, რომ მონაწილეობა მიიღო ამბოხების რევოლუციად გადაქცევის პროცესში. მათ დააჯერეს უკრაინელი ხალხი, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, ეს აბსოლუტურად არასწორია. ის, რაც მოხდა უკრაინაში, ევროკავშირის ბრალია. ევროპელ ხალხს არ სურს ევროკავშირში უკრაინის, თურქეთისა და ალბანეთის ნახვა“,- განაცხადა მარინ ლე პენმა.

როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ფედერაცია უნდა შეიქმნას.

„უკრაინის მოსახლეობის ნაწილი რუსულად საუბრობს, ნაწილი კი უკრაინულად. იმისათვის, რომ უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდეს, უნდა შეიქმნას ფედერაცია, რომელიც თითოეულ რეგიონს მისცემს უფლებას, შექმნას ავტონომია. რუსეთის ცხვირწინ კარის მოჯახუნება სიტუაციიდან გამოსავალი არ არის, რუსეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციები მიიღო. კანადამ რუსეთთან - სამხედრო, ავსტრალიამ კი სამთავრობო კავშირები გაწყვიტა, ხოლო G8-ს სამიტის შვიდმა ქვეყანამ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერების შეხვედრა რუსეთის გარეშე გაიმართება.