საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლებამ მკვეთრი რეაგირება მოახდინა მოსკოვის ქმედებებზე კიევთან მიმართებაში და კვლავაც ემუქრება რუსეთს სანქციების შემოღებითა და სხვა საპასუხო ზომებით. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და წარმომადგენელთა პალატის წევრი რონ პოლი აცხადებს, რომ აშშ-ს არა აქვს მორალური უფლება, რუსეთი დაადანაშაულოს.
ყოფილი კანდიდატის აზრით, აშშ მუდამ ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. „ჩვენ ვქადაგებთ დემოკრატიას. ბოლოს და ბოლოს, ამ დემოკრატიის მსგავს რაღაცას მივაღწიეთ ეგვიპტეში, იქ არჩევნები ჩატარდა, თუმცა, ჩვენ არ დაგვაკმაყოფილა მათმა არჩევანმა და ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. არ მიყვარს ფარისევლობა“, - განმარტა რონ პოლმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი მიიჩნევენ, რომ რუსეთს უკვე ეზღვება უკრაინის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო.
„ორივე ლიდერმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის გამო“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.