აქტუალური
საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა.
გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საუბრისას გიორგი ონიანმა უკანონოდ დაკავებულ ლევან მდინარაძეს განუცხადა, რომ იგი ისჯებოდა „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების გავრცელების გამო.
ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. ზემოხსენებულ ფაქტამდე 2 დღით ადრე მან შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ გიორგი ონიანს 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.