პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ახალ იმპულსს შესძენს ევროინტეგრაციის პროცესს“

1-margvelaS-pol-2საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. მოხარული ვარ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტის გამო.

მასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თანმიმდევრულად აფართოებს თანამშრომლობას, რაც ახლო მომავალში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საბოლოოდ კი  ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციით უნდა დასრულდეს.

უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ბატონი ფულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთან, კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა.

ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველო თავისი ტრადიციებითა და ფასეულობებით ბუნებრივად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეკლესია მხარს უჭერს და ყოველთვის ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ფასეულობებია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ამ მარადიულ, უზენაეს ღირებულებათა სადარაჯოზე იდგა.  ეს ფასეულობები ათასწლეულების განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აყალიბებდა ჩვენს უძველეს და უნიკალურ კულტურას. მათ დაეფუძნება საქართველოს შემდგომი განვითარებაც.

დარწმუნებული ვარ, რომ სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა ახალ იმპულსს შესძენს ევროინტეგრაციის პროცესს და არსებითად გაამდიდრებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას.