უცხოეთი
ჯონ კერიმ რუსეთს „აგრესორი“ უწოდა

1-kerry-ucx-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი: აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიის აქტს.

ახლა იმის მომსწრენი ვართ, თუ როგორ ხორციელდება ქვეყანაში კოლოსალური ცვლილებები და ამ ცვლილებებში მხარს დავუჭერთ უკრაინის მოსახლეობას.

უკრაინელები დღეს ხალხის მიერ მოწონებულ მთავრობას ითხოვენ. და უნდა ითქვას, რომ ყველანი აღსფრთოვანებული ვართ იმ თავშეკავებით, რომელიც გამოამჟღავნა გარდამავალმა მთავრობამ ასეთ სისტემაზე გადასვლისას. მათ გამოავლინეს თავშეკავება მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრისა და რუსეთის მთავრობის ქმედებებისა, რომელმაც პირველ რიგში აგრესიასა და მუქარას მიმართა.

კონტრასტი მათ შორის თვალსაჩინოა: ერთი მხრივ, ქედმოუხრელი უკრაინელები, რომლებმაც საკუთარი ერთიანობის ძალა გამოავლინეს და მეორე მხრივ, რუსეთის მთავრობა, რომელსაც უკვე გამოელია მიზეზები და რომელიც სიცრუეს, მუქარასა და პროვოკაციებს ამოეფარა. უკრაინელების გულსა და მსოფლიოს თვალში რუსეთის ქმედებებს გამართლება არა აქვს.

მოდი, შევაჯამოთ. რუსეთის მთავრობას სურს, დაგვარწმუნოს, რომ 21 თებერვლის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას ითვალისწინებდა, დაარღვია ოპოზიციამ. ამასთან, მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ისტორიულ მომენტში, როცა ქვეყანა განსაცდელში იმყოფებოდა, როცა ეს ქალაქი მოვლენების ცენტრად იქცა და იქ ხალხის ლიდერები შეიკრიბნენ ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად, სწორედ იანუკოვიჩმა დაარღვია ამ შეთანხებაზე ხელმოწერის ვალდებულება და თავისი ბარგი-ბარხანიანად ღამით გაიქცა, გზადაგზა კი ყველა დოკუმენტი გაანადგურა. მან მიატოვა თავისი ხალხი, შემდეგ კი ქვეყანაც.

უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულმა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ახალ მთავრობას - და ეს მაშინ, როცა იქ წარმოდგენილი არიან იანუკოვიჩის პარტიის წევრებიც, რომლებმაც ასევე უმრავლესობით ხმა მისცეს ახალ მთავრობას. უკრაინის მომავალი ნაწილობრივ იმ ხმების გამოისობით შეიცვალა, რომლებიც იანუკოვიჩის პარტიის წევრებმა მისცეს. და დღეს რადა უკრაინელი მოქალაქეების უმრავლესობის წარმომადგენელია.