უცხოეთი
ევროკავშირმა რუსეთს „სასაცილო“ ულტიმატუმი წაუყენა - რუსეთს წაართმევენ იმას, რაც ისედაც არა აქვს?!

vidvinul-ucx-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში არსებული სიტუაცია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. შეხვედრის შედეგების მიხედვით მათ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენეს: ევროკავშირის ექსტრენულ სამიტამდე, რომელიც ხუთშაბათს არის დანიშნული, მოსკოვმა ყირიმში „სამხედრო აქტივობის შეწყვეტისათვის“ ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციებით ემუქრებიან.

ჯერ ერთი, ლაპარაკია რფ-სა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ. ამჟამად მხარეები დიალოგს ორი მიმართულებით აწარმოებენ - სავიზო ფორმალობების გამარტივება და ვიზების საბოლოო გაუქმება. აღსანიშნავია, რომ ორივე ტრეკის თაობაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ მანამდე გაჭიანურდა, სანამ მოსკოვსა და ბრიუსელს შორის კიევის სიტუაციასთან დაკავშირებით უთანხმოება ჩამოვარდებოდა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგის შეწყვეტა რფ-ის გეგმებს ჩაშლის - მოსკოვში იმედოვნებდნენ, რომ უკვე წელს ერთი მიმართულებით მაინც პროგრესი მიიღწეოდა.

მეორეც, ევროკავშირი რუსეთს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალი საბაზო შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკების შეწყვეტით ემუქრება. საბაზო შეთანხმების გარეშე რფ და ევროკავშირი 2008 წლიდან ურთიერთობენ. წინა, 1994 წლის შეთანხმება (რომელიც 1997 წელს ამოქმედდა), 10 წელს მოქმედებდა და 2007 წელს, მხარეთა თვალსაზრისით, უიმედოდ მოძველდა. რფ და ევროკავშირი იმედოვნებდნენ, რომ ძველის ნაცვლად სწრაფად შეიმუშავებდნენ ახალ დოკუმენტს, თუმცა პროცესი დროდადრო წყდებოდა გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო - სავაჭრო ომი პოლონეთთან, პოლიტიკური უთანხმოებანი ლიტვასთან და ევროკავშირთან ურთიერთობის ზოგადად გაცივება სამხრეთ ოსეთში წარმოებული ომის გამო.

შეთანხების მიღწევის გზაზე ბოლო დაბრკოლებად იქცა მოლაპარაკებების გაჭიანურება მსო-ში რუსეთის შესვლის თაობაზე. თუმცა მსო-ში რუსეთის შესვლის შემდეგაც პროცესი ადგილიდან არ დაძრულა. ევროკავშირი შეთანხებაში რიგი პუნქტების დამატებას ითხოვდა, რომლებიც მოლაპარაკებით არ იყო გათვალისწინებული (ლაპარაკია სავაჭრო-საინვესტიციო კანონმდელობაზე, კონკურენციასა და სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმზე). მოსკოვმა კი ბრიუსელი იმაში დაადანაშაულა, რომ მას ყველაფერი „უცებ და ერთად“ უნდა. ბოლო ხანს ევროკავშირი რუსეთზე მეტ დაინტერესებას იჩენდა აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკების გააქტიურებაში. ასე რომ, ეს უფრო საკუთარ კარში ბურთის გატანას ჰგავს.

დამატებით ზომებზე, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირმა მიიღოს, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის მის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდა მოეთხრო ორშაბათ საღამოს (ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გფრ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჟენევაში გაფრინდა, სადაც იმ დროისათვის ლავროვი იმყოფებოდა). სამშაბათს ან ოთხშაბათს რუსული დიპლომატიის მეთაური უკრაინაში არსებულ სიტუაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ კეტრინ ეშტონთან ერთად განიხილავს (შეხვედრა მადრიდში გაიმართება).