რედაქტორისგან
“ეჭვები გონივრული აღმოჩნდა” - საქინფორმს უპასუხა არა მინისტრმა დარახველიძემ, არამედ ვინმე ნინომ, რომელმაც “ფეისბუკზე” გაგვიშვა...

podozrenie-pol-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ ხუთშაბათს და პარასკევს, 27 და 28 თებერვალს, საქინფორმმა ორჯერ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს.

პირველ ღია წერილში საქინფორმმა მინისტრს თავისი 4 შეკითხვა დაუსვა, მეორე ღია წერილი კი შეიცავდა 10 შეკითხვას მკითხველებისგან.

28 თებერვალს საქინფორმის ელექტრონულ ფოსტაზე saqinform@mail.ru მოვიდა პასუხი ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს პირველ წერილზე, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არა მინისტრი დარახველიძის ან მისი მოადგილეების, არამედ ვინმე ნინოსაგან (გვარი, სავარაუდოდ, ფალაშვილი) შემდეგი შესავალით:

“მოგესალმებით, გიგზავნით პასუხებს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. დევნილთა სამინისტრო. პატივისცემით, ნინო”.

საქინფორმის კორექტორებმა წერილზე იმუშავეს, რათა ის, ელემენტარულად, წაკითხვადი გამხდარიყო, რის შემდეგაც ამ წერილს მკითხველს კომენტარების გარეშე ვთავაზობთ, რომლებიც ამ შემთხვევაში ზედმეტია.

შეკითხვა №1. სად, რომელ მისამართებზე ხდება დევნილების მიერ საცხოვრებლის მიღებაზე აპლიკაციების შევსება? აქვს თუ არა მნიშვნელობა - სად შეივსება აპლიკაცია? ინფორმაცია ამის შესახებ რატომ არ არის „გამჭვირვალე”, ანუ, თუ არამოდურად ვიტყვით, რატომ არ არის საყოველთაოდ ცნობილი?

პასუხი: 2013 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე ქ.თბილისში ვაჟა ფშაველას N16-ში საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განაცხადის შევსება  მიმდინარეობდა. ასევე, ეტაპობრივად განაცხადების მიღება 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ყველა რეგიონში  მიმდინარეობს. გასულ  წელს ახალ რეაბილიტირებულ ბინებში დაახლოებით 2000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.

რაც შეეხება შეკითხვას, აქვს თუ არა მნიშვნელობა - სად შეივსება აპლიკაცია? როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპლიკაციების შევსება დევნილის დამისამართების ადგილის შესაბამისად მიმდინარეობს.

აპლიკაციების მიღების ვადები საჯაროა,  სამინისტროს ვებ. გვერდის და Facebook-ის გვერდის  საშუალებით ვრცელდება.

შეკითხვა №2. რა პრინციპით ხდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილება, ანუ რატომ იღებენ ზოგიერთები ბინებს თბილისში, სხვები კი - საქართველოს რაიონებში? მათი ტერიტორიული რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილიდან გამომდინარე, სურვილის მიხედვით თუ სხვა პრინციპით?

პასუხი: მინისტრის 320 ბრძანების საფუძველზე შემუშავდა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართის განაწილება მიმდინარეობს. კრიტერიუმები მოიცავს ქულების სისტემას, სადაც გათვალისწინებულია ყველა ასპექტი - მრავალშვილიანობა, უბინაობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. ამ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ოჯახებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართის გადაუდებელი აუცილებლობა გააჩნიათ.  ბინების გადაცემა თბილისსა და რეგიონებში  დევნილთა დამისამართების შესაბამისად მიმდინარეობს.  ასევე შესაძლებელია თითოეულმა ოჯახმა თავად აირჩიოს, რომელ რეგიონში სურს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა.

(შეგიძლიათ იხილოთ დანართი)

შეკითხვა №3. სად შენდება ან აშენდება სახლები დევნილებისთვის? რა ვადებში და რომელმა სამშენებლო კომპანიებმა მიიღეს დაკვეთა მათ მშენებლობაზე?

პასუხი: მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი მშენებლობები  და სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს.  დევნილთა ახალი სამოქმედო გეგმა  ეტაპობრივად ყველა დევნილი ოჯახის განსახლებას ითვალისწინებს.  ობიექტების მშენებლობა- რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ( აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა).

შეკითხვა №4. აამოქმედეთ თუ არა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ბინების განაწილების და მშენებლობის საკითხებში კორუფციას გამორიცხავს? არის თუ არა გამოქვეყნებული ბინის მიღებაზე რიგების სიები?

პასუხი: დევნილთა სამინისტრომ კრიტერიუმები სწორედ იმიტომ შეიმუშავა, რომ დევნილთა განსახლება სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს. შევსებულ განაცხადს სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომისია განიხილავს და მინიჭებული ქულათა რაოდენობა ბინის მიღების რიგითობას განსაზღვრავს. განაწილებული ბინებისა და ქულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით ვრცელდება.

P.S. პასუხებში ხსენებული “დანართი”, რომელთანაც “ფეისბუკთან” ერთად” პასუხებში ხშირად გვაგზავნიან, წარმოადგენს სამინისტროს ლამის ყველა ოფიციალური დებულების და ინსტრუქციის ასლს, რომლებიც საქინფორმს წერილზე დამატებით გამოუგზავნეს და რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მკითხველს გაეგზავნება.