რედაქტორისგან
“ბატონო დავით, გვიპასუხეთ!” - მინისტრ დარახველიძის სახელზე საქინფორმის გუშინდელი ღია წერილის წემდეგ რედაქციაში წერილები და ტელეფონის ზარი არ წყდება...

sazogad-1-analit-1-redaq-4საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც გუშინ, 2014 წლის 27 თებერვალს, საქინფორმმა ღია წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძეს, საქინფორმის რედაქციაში ტელეფონის ზარი და წერილები არ წყდება.

საქინფორმი დღეს აქვეყნებს მხოლოდ პირველ 10 შეკითხვას, რომლებზეც მკითხველები, რომელთა უმრავლესობა სწორედ დევნილები არიან, მინისტრ დავით დარახველიძეს პასუხის გაცემას და საჯარო ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ:

შეკითხვა №1 დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მიზნით რამდენი ხელშეკრულება გაფორმდა შენობების რეაბილიტაციასა და საცხოვრებელ ფართებად გადაკეთებაზე და რომელ კომპანიებთან?

შეკითხვა №2 მოგვაწოდეთ ინფორმაცია თითოეული რეაბილიტირებული-გარემონტებული ობიექტის შესახებ მისი მისამართის, რეაბილიტაციის დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ.

შეკითხვა №3 თითოეულ  დასრულებულ ობიექტში რამდენი ოჯახი შესახლდა, სახელების და გვარების მითითებით.

შეკითხვა №4 როგორ მოხდა შესასახლებელი ოჯახების შერჩევა? დეტალურად გაგვიმარტეთ შერჩევის მეთოლოგია.

შეკითხვა №5 გთხოვთ, მოგვაწოდოთ  დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების 2013 წელს დაუსრულებელ რეაბილიტაციაზე წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხების ოდენობები კომპანიების მიხედვით. თითოეული კომპანიის მიერ მიღებული ავანსი  მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების რამდენ პროცენტს შეადგენს?

შეკითხვა №6 2012 წელს სამინისტროსთვის სამშენებლო საქმიანობის მიმწოდებელი რამდენი კომპანია დაჯარიმდა ვადების დარღვევის გამო და რა ოდენობის თანხებით?

შეკითხვა №7 საფინანსო დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი, ამირან გოგიძე ჩვენი ინფორმაციით, ფინანსური მაქინაციებისთვის წარსულში ნასამართლევია. რა ნიშნით შეირჩა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე?

შეკითხვა №8 რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის გასატარებელი ღონისძიებებისათვის  ენდოთ  ფონდს ,,Georgian Investment group“, რომლის დამაარსებელი გახლავთ წარსულში ფინანსური მაქინაციებისათვის ნასამართლევი ვინმე თემურ ბაკურაძე და რომელიც სახელდახელოდ შეიქმნა 2013 წელს?

შეკითხვა №9 მართალია, რომ სამინისტროდან თქვენი ეჭვებისა და პირადი შურისძიების საფუძველზე გათავისუფლებულია 14 დევნილი? მათ შორის არის აფხაზეთის  ომის ვეტერანი, ჟიული შარტავას დაცვის ყოფილი წევრი ზვიად შონია. ხართ თუ არა ვალდებული დაიცვათ დევნილთა ინტერესები სამინისტროს ფარგლებში?

შეკითხვა №10 მართალია. რომ იმ ფონზე, როცა თქვენ ათავისუფლებთ დევნილებს გაურკვეველი მიზეზებით, თანამდებობაზე დანიშნეთ თქვენი მეჯვარე - გედევან ლომიძე, რომლის სამუშაო გამოცდილება არაადეკვატურია ამ თანამდებობისათვის? ასევე დანიშნეთ თქვენი მოადგილის - ნინო ჭავჭავაძის შვილი - გიორგი ღლონტი და მეორე მოადგილის - ცოტნიაშვილის ცოლი მარეხ მთვარელიძე? აღიარებთ თუ არა ამას ნეპოტიზმად, ბატონო დავით?