პუბლიკაციები
კისინჯერი: პუტინი უკრაინის მოვლენებში იმას ხედავს, რისი გაკეთებაც თითქოსდა მოსკოვში გვინდოდა

kisinjer-zarub-2საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. „ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოვლენებში იმის გენერალურ რეპეტიციას ხედავს, რისი გაკეთებაც თითქოსდა მოსკოვში გვინდოდა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელწიფო მდივანმა CNN-თან ინტერვიუში.

კისინჯერის თქმით, უკრაინაში მიდინარე მოვლენები რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე რუსული სახელმწიფო სწორედ კიევიდან დაიწყო. „კიევი ოდესღაც კიევის რუსეთად იწოდებოდა. ასე რომ, რუსეთის პოლიტიკური და, უფრო მეტიც, რელიგიური განვითარება კიევიდან დაიწყო. შემდეგ გახლეჩა მოხდა, თუმცა მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. მე არ ვიცნობ არც ერთ რუსეთს, დისიდენტი იქნება ის თუ პროსამთავრობო პოზიციაზე მყოფი, რომელსაც უკრაინა რუსეთის ისტორიის უნიშვნელოვანეს ნაწილად არ მიაჩნდეს. ამიტომ რუსეთი ვერ იქნება გულგრილი უკრაინის მომავლისადმი. მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ დამოუკიდებელ უკრაინას, რომელსაც ორგანული ურთიერთობები ექნება ევროპასთან. თუმცა, რუსეთის პოზიციის გასაგებად ისტორიას უნდა გადავხედოთ“, - მიაჩნია აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს.

უკრაინაში, უფრო ზუსტად კი კიევის ცენტრში არსებულ ვითარებას კისინჯერი არ ახასიათებს როგორც დემოკრატიული ძალების ბრძოლას, რომელსაც ევროპასთან ორგანული ურთიერთობების აშენება სურს პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩით სათავეში. „ასე არ ვფიქრობ. აღმოსავლეთი ნაწილი პროსამთავრობოა და რუსეთისკენ მიისწრაფვის. დასავლეთი ნაწილი - მით უფრო, სიღრმეში - კათოლიკური და პროდასავლურია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსაზრებები ორ დაახლოებით თანაბარ ნაწილად იყოფა. რაც შეეხება უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს, ჩემი შეხედულებით, თითოეულს აქვს დემოკრატიულიცა და ოლიგარქიული ელემენტებიც. და არ ვთვლი ამჟამინდელ პრეზიდენტს უთუოდ პრორუსულად“, - აღნიშნავს კისინჯერი.

მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოვლენებში ხედავს იმის გენერალურ რეპეტიციას, რაც თითქოსდა ამერიკას სურდა მოსკოვში გაეკეთებინა. „დიახ, ეს რეჟიმის შეცვლასაც ეხება და იმასაც, რომ ეს ყველაფერი სოჭის თამაშებთან ასე ახლოს ხდება, რაც მის (პუტინის) ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს. პუტინს საბჭოთა კავშირის დაშლა დიდ ისტორიულ კატასტროფად მიაჩნია. თვალსაჩინოა, რომ უდიდესი რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო, 50-მილიონიანი მოსახლეობის მქონე უკრაინაა და პუტინს არ შეუძლია ამას გულგრილად მოეკიდოს“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამას ადმინისტრაცია, კისინჯერის თქმით, უკრაინის საკითხში იქით იხრება, რომ საჯარო განცხადებები გააკეთოს დემოკრატიულ მოვლენებზე, თითქოსდა ყველაფრის გადაწყვეტა კვირის თოქ-შოუზე იყოს შესაძლებელი. „მე არ ვეწინააღმდეგები ადმინისტრაციის კურსს, თუმცა, აუცილებლად არ მიმაჩნია ამის ასე საჯაროდ გაკეთებაც. აუცილებელია უკეთ წარმოვიდგინოთ ხანგრძლივი ისტორიული განვითარება“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

ამასთან, მას პრობლემატურად მიაჩნია რუსეთთან ურთიერთობების აშენება მისი იმპერიული ცნობიერების გამო. „რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს, რუსეთსა და ჩვენ შორის ურთიერთობების აშენება ძალიან დიდი პრობლემაა. იმიტომ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იმპერია იყო და მისი თვითშეგნება დამყარებულია იმპერიის მიღწევებზე.  ჩინეთი რუსეთის მომიჯნავეა და ეს სტრატეგიული კოშმარია. რუსეთი მომიჯნავეა ისლამისაც - ეს იდეოლოგიური კოშმარია. რუსეთს საზღვარი აქვს ევროპასთან - ისტორიულად ერთობ არამტკიცე, მუდამ ცვალებადი. მეორე მხრივ, რუსეთის მმართველები მთელი ისტორიის განმავლობაში მართავდნენ ისე, რომ საზღვარგარეთ თავისი მნიშვნელობის შთაბეჭდილებას ამკვიდრებდნენ. მაშ, როგორ უნდა შეადუღაბო ქვეყანა ისე, რომ უცხოეთს თავი მრისხანედ მოაჩვენო და ამავდროულად, გესმოდეს, რომ შესაძლებელი და აუცილებელიცაა დიდი კომპრომისები. ვფიქრობ, ეს მთავარი სირთულეა, რომელსაც პუტინი აწყდება. ჩვენს ინტერესებში არ შედის მათი მიყვანა „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის“ მდგომარეობამდე, როცა ისინი გადაწყვეტენ, რომ ყველას უნდა უჩვენონ, თუ რისი უნარი შესწევთ““, - დაასკვნა კისინჯერმა.