აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „მინდა, მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს: ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ!”

1-osebi-akt-3საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს მოუწოდა, ოსები და აფხაზები იზოლაციაში არ მოაქციონ.

მან ასევე მიმართა აფხაზ და ოს თანამემამულეებსაც.

„ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც იქნება მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი.

ასევე მინდა, მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს: ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ! ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომლებსაც საუკუნოვანი, ერთიანი სახელმწიფოებრიობა აკავშირებს. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომის გამო და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული, რაც ყველას ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა. დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზებისა და ოსების იდენტობა და თვითმყოფადობა. ამის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს, ამიტომაც თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების და ზოგადად, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესები, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.